შპს "მარაბდა-კარწახის" რკინიგზის დირექტორი "ბაქო-თბილისი-ყარსის" რკინიგზის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
12/09/2013

სამუშაოების დათვალიერება ოლეგ ბიჭიაშვილმა მარაბდიდან დაიწყო, რის შემდეგაც თბომავლით თეთრიწყარომდე ჩავიდა. მან დღესვე სოფელ ჭივჭავში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

დირექტორი პროექტის მიმდინარეობით კმაყოფილია და აცხადებს, რომ წლის ბოლომდე მარაბდა-თეთროწყაროს 30 კმ-იანი მონაკვეთი დასრულდება. რაც შეეხება პროექტის მთლიანად განხორციელებას, ბიჭიაშვილის თქმით, ეს 2015 წლისთვის იქნება შესაძლებელი.

"პროექტი დაყოფილია რამდენიმე ეტაპად. პირველი ეტაპი იყო მარაბდა-თეთრიწყარო. ამის ჩაბარების შემდეგ საგრძნობლად გავგვიადვილდება მუშაობა და გაიზრდება წარმადობა. ინფორმაცია, თითქოს ეს პროექტი შეჩერებულია, სიმართლეს არ შეესაბამება. სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ მოხდება მისი საქართველოს რკინიგზასთან შეერთება და ეს ტრასეკას კიდევ ერთი პროექტი იქნება. პირველ ეტაპზე ტვირთბრუნვა იქნება 5 მლნ. ტონა ორივე მხარეს, შემდეგ კი 15-20 მლნ. ტონა", - განაცხადა ბიჭიაშვილმა.

მისივე განცხადებით, ავღანური ტვირთების გადაზიდვისთვის "ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის" გამოყენება, სავარაუდოდ ვერ მოხერხდება, რადგან ავღანური ტვირთების გადაზიდვა 2014 წელს იგეგმება, რკინიგზის გახსნა კი 2015 წლამდე ვერ მოესწრება.