ირაკლი ღარიბაშვილი
26/11/2014

თბილისი (BPI) - ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2015 წლისთვის დასრულდება და ტვირთების გადაადგილების პერიოდს 2-ჯერ შეამცირებს, – ამის შესახებ პრემიერმა საქართველო-ლატვიის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსავლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის შემდგომი განვითარების მიზნით, ორ წელიწადში ახალი ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობა იგეგმება, რომელიც მსხვილი სატვირთო გემების მიღებას შეძლებს. პრემიერის ინფორმაციით, პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება და პროექტში მონაწილეობის სურვილი 12-მა კონსორციუმმა უკვე გამოხატა.

 პრემიერმა ისაუბრა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-სუფსის ნავთობსადენებისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლს, კიდევ ერთხელ დაადასტურებსშაჰ-დენიზის" საბადოს მეორე ფაზის პროექტი. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებშიც საქართველოს ტერიტორიაზე განვითარდება სამხრეთ კავკასიის მილსადენი, რაც დამატებით უზრუნველყოფს ევროპასა და თურქეთს ბუნებრივი აირის 16 მილიარდი კუბური მეტრით.

 კონსორციუმი გეგმავს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის ახალ ინვესტირებას საქართველოში. შედეგად, საქართველო მიიღებს ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან ოდენობას, რომელიც მოხმარდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას", - განაცხადა პრემიერმა.