2011 წლის  იანვარში, ნიუ-იორკში გამართულ  Global Infrastructure Leadership Forum-ზე, მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის დასახელდა “რკინის აბრეშუმის გზის” პროექტი, რომელსაც ახორციელებს შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზა”.  

მსოფლიო ექსპერტებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა მსოფლიოში ერთერთ სტრატეგიულ პროექტად აღიარეს და მსოფლიოს 100 უმნიშვნელოვანეს გლობალური პროექტების სიაში შეიყვანეს. 

ნიუ-იორკში გამართულ ფორუმზე ,,რკინის აბრეშუმის გზის’’ წარდგენა საქართველოს ერგო წილად. ვრცელი და დეტალური პრეზენტაციით ფორუმის წევრებს პროექტი   შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზის” დირექტორმა ბიძინა ბრეგაძემ გააცნო.

ამ პროექტის მიზანია აზიის სწრაფად მზარდ ბაზრებთან დამაკავშირებელი უმოკლესი და უსწრაფესი ალტერნატიული გზების ძიება, კომუნიკაციათა დივერსიფიცირება, ტექნოლოგიების გავრცელება და ენერგომატარებელთა სტაბილური მიწოდება.

ახალი ,,აბრეშუმის გზის'' ფარგლებში უკვე მოქმედებენ ტრასეკას, აგრეთვე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ,,დიდი ნავთობსადენისა'' და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ,,დიდი გაზსადენის'' მაგისტრალები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს ეკონომიკური რეალობა კასპია - შავი-ზღვის რეგიონში, შექმნეს განვითარების ახალი პირობები და გააძლიერეს არა მხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნების, არამედ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება. 

დღეს მათ ემატება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ ,,რკინის აბრეშუმის გზას''. იგი უმოკლესი მარშრუტით აკავშირებს ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს – ევროპასთან და პირიქით.

Global Infrastructure Leadership Forum ყოველწლიურად იმართება და წარმოადგენს სტრატეგიული პროექტების საბაზრო მოედანს. ფორუმი მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის 100 საუკეთესო გლობალური პროექტის გამოვლენას. პროექტების შერჩევა მიმდინარეობს 9 თვის განმავლობაში, ყოველწლიურად, ფორუმის მრჩეველთა საბჭოს, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორების ექსპერტების შეფასებებისა და მათთან კონსულტაციის საფუძველზე. აღნიშნული ფორუმი არის უნიკალური, დინამიური და ინტერაქტიული სტრუქტურა. ის ხელს უწყობს ინფრასტუქტურის კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უზრუნველყოფს სახელმწიფო და კერძო სექტორებს მომსახურებით, რომელიც ეფუძნება ფორუმის ოცწლიანი მუშაობის გამოცდილებას სხვადასხვა ინფრასტრუქტურის სფეროში როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად სამყაროში.