14 აპრილს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის რიგით 22-ე საკოორდინაციო საბჭო გაიმართა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტში ჩართული მხარეებისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება პრიორიტეტულ სატრანსპორტო მიმართულებას წარმოადგენს, რომლის ამოქმედების შემდეგაც საქართველო და აზერბაიჯანი საერთაშორისო სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ნაწილი გახდება.
შეხვედრაზე აგრეთვე ითქვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ექსპლუატაციაში შეყვანა 2015 წელს იგეგმება.
ახალ რკინიგზას წელიწადში მილიონი მგზავრის გადაყვანისა და, პირველ ეტაპზე, 5 მილიონი ტონა ტვირთის გატარების პოტენციალი ექნება. სატვირთო მოცულობა მუდმივად გაიზრდება და მეორე ეტაპისთვის წელიწადში 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება. აღსანიშნავია, რომ რკინიგზის ამოქმედების შემდეგ 2500 ადამიანი დასაქმდება.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად არის დასახელებული. 2015 წლის 28 იანვარს, ბაქო-თბილისი-ყარსის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა.