24 თებერვალს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის მე-18 საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მარაბდა-კარწახის სარკინიგზო გადასასვლელის მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები. მოსმენილი იქნა ინფორმაცია აღნიშნული პროცესის შესახებ. ითქვა, რომ პროექტში ჩართული მხარეებისთვის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ამოქმედება პრიორიტეტულ სატრანსპორტო მიმართულებას წარმოადგენს და მხარეები ხელს შეუწყობენ, რომ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო გადასასვლელის მონაკვეთის მშენებლობა დადგენილ ვადებში დასრულდება.
შეხვედრაზე აგრეთვე ითქვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე სატესტო მატარებელი 2014 წლის ბოლოსთვის გაივლის, 2015 წელს კი მისი ექსპლუატაციაში შეყვანა იგეგმება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრთან ზია მამედოვთან.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობაზე ამჯერად დასაქმებულია 1100 ადამიანი. რკინიგზის ამოქმედების შემდეგ კი პროექტზე დასაქმდება 2500 ადამიანი, საიდანაც დიდი უმრავლესობა ადგილობრივი რესურსით შეივსება.
ახალ რკინიგზას ექნება პოტენციალი წელიწადში 1 მილიონი მგზავრი გადაიყვანოს და, პირველ ეტაპზე 5 მილიონი ტონა ტვირთი გაატაროს. სატვირთო მოცულობა მუდმივად გაიზრდება და მეორე ეტაპისთვის წელიწადში 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება.
კასპიის ზღვის ფორუმზე, რომელიც სტამბულში 2013 წლის ბოლოს ჩატარდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა აღიარებულ იქნა რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად.