14 იანვარს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 20:00 საათიან საინფორმაციო გადაცემაში გავიდა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ სიუჟეტი. გვსურს, გამოვეხმაუროთ გაჟღერებულ ინფორმაციას და რამდენიმე უზუსტობის შესახებ განვაცხადოთ.
პირველ რიგში, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია უტარდება 153,4 კმ, ხოლო შენდება 27 კმ, რაც საერთო ჯამში 180,4 კმ-ია, ხოლო სიუჟეტში დასახელებული იყო მხოლოდ 29 კმ. მარაბდა-კარწახის სარეაბილიტაციო-სამშენებლო უბანი შედგება ექვსი ეტაპისგან: I ეტაპი: მარაბდა - თეთრიწყარო, სიგრძით - 29.2 კმ, რომლის მშენებლობაც დასრულდა 2013 წლის დეკემბერში; II ეტაპი: თეთრიწყარო - წალკა, სიგრძით - 49.7 კმ, აქედან დაგებულია 45 კმ ლიანდაგი; III ეტაპი : წალკა - ახალქალაქი, სიგრძით - 74.1 კმ, აქედან დაგებულია 6 კმ ლიანდაგი; IV ეტაპი – ახალქალაქის ვაგზალი. V ეტაპი - ახალქალაქის სარკინიგზო სადგური. VI ეტაპი – ახალქალაქი-კარწახი(თურქეთის საზღვარი) - 27 კმ, აქედან დაგებულია 22 კმ ლიანდაგი, ამავე ეტაპში შედის გვირაბი, სასაზღვრო-სარკინიგზო გვირაბის საერთო სიგრძე 4 470 მეტრია. მათ შორის, საქართველოს მხარეს - 2 070 მეტრი. მისი მშენებლობა საქართველოს მხრიდან 2013 წლის დეკემბერში დაიწყო და გაყვანილია 40 მეტრი. სამუშაოები მიმდინარეობს ყოველდღიურად და გრძელდება ზამთრის პერიოდშიც.
გვინდა აღვნიშნოთ, რომ მარაბდა-კარწახის რკინიგზა თავისი ტექნიკური მახასიათებლებით გახლავთ უნიკალური პროექტი, სადაც 100 კილომეტრზე სიმაღლის ცვალებადობა შეადგენს 1650 მეტრს, ხოლო ქანობი 35 მეათასედს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე შენდება სრულიად ახალი ახალქალაქის საერთაშორისო სტანდარტების მქონე სადგური, რომელიც გაშლილია 180 ჰექტარზე და მისი საპროექტო ღირებულება გახლავთ 212 მილიონი აშშ დოლარი. მის ასაშენებლად ხდება 2300000 კუბური მეტრი მიწის მოჭრა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოზვინვა. აღნიშნული სადგურის პროექტი ასევე ითვალისწინებს ახალი ევროპული სტანდარტების მქონე მოძრავი (სავაგონო-სალოკომიტივო) შემადგენლობების შეძენას. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ კასპიის ზღვის ფორუმზე, რომელიც ჩატარდა სტამბულში 2013 წლის ბოლოს, პროექტი აღიარებულ იქნა რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად.
მარაბდა - ახალქალაქის მონაკვეთზე, სადაც რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია ხორციელდება (153,4 კმ) იგება სრულიად ახალი ლიანდაგი (ზედნაშენი, რელსი და განძელი), ასევე კეთდება ახალი სარკინიგზო ელექტროგადამცემი ხაზი თავისი უნიკალური ქვესადგურებით, რომელიც რეგიონში გახლავთ ყველაზე თანამედროვე ტიპის.
პროექტის ფარგლებში ირგვება 292 000 ხე (თოვლდამცავი, ხმის ჩამხშობი), მკაცრი კლიმატურ-გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე 2432 მეტრზე შენდება თოვლდამცავი გალერეები, რომელიც ზამთრის პერიოდში უზრუნველყოფს მატარებლის დაუბრკოლებლად გატარებას. შენდება ახალი სარკინიგზო ხიდები და გზაგამტარები. რეაბილიტაცია უტარდება 10 სარკინიგზო სადგურს. საშუალოდ პროექტის 1 კილომეტრის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია-მშენებლობა (გვირაბის ჩათვლით) 4,3 მილიონ აშშ დოლარი დაჯდება.
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ მზად არის მედიის მხრიდან დასმულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად.