ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი კასპიის ფორუმზე წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა
06/12/2013

5 დეკემბერს, ქ.სტამბულში გაიმართა რიგით მესამე კასპიის ფორუმი სახელწოდებით “Defining the Caspian”. კასპიის ფორუმი პირველად 2012 წლის დეკემბერში გაიმართა და მისი მიზანი კასპიის რეგიონის ეკონომიკური, პოლიტიკური და სტრატეგიული პოტენციალის კვლევაა. წლევანდელი ფორუმის ძირითადი მიმართულება რეგიონის ენერგეტიკა და სატრანსპორტო დერეფნები იყო. ფორუმს ესწრებოდნენ წარმომადგენლები 35 ქვეყნიდან.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც წლის საუკეთესო პროექტად დასახელდა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი. პროექტის განხილვის დროს ხაზგასმული იყო მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ევროპისა და აზიის დაკავშირების კუთხით.

 

ჯილდო მიიღეს სამი ქვეყნის წარმომადგენლებმა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ, აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა ბინალ ილდირიმმა. ფორუმს ასევე ესწრებოდა შპს „მარაბდა-კარწახის-რკინიგზის“ დირექტორი ოლეგ ბიჭიაშვილი.