დღეს, შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზა”-მ საცდელ ექსპლუატაციაში გაუშვა სარკინიგზო სადგურ „ცხრა ძმის“ ელექტროწევის ქვესადგური. კომპანიის შეფასებით, ეს თავისთავად დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის საქართველოს მონაკვეთის წარმატებული რეალიზების საქმეში. ქვესადგური წარმოებულია მსოფლიოში აღიარებული, შვეიცარული კომპანია „სეჩერონის“ მიერ, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით და სრულად შეესაბამება ევროსტანდარტებს, რომელსაც რეგიონში არ აქვს ანალოგი.
კომპანიის დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ წიკლაური აცხადებს: „ეს ფაქტი, თავის მხრივ, ხაზს უსვამს ჩვენს, აზერბაიჯანელ და თურქ პარტნიორებთან ერთად - მისწრაფებას, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი საერთაშორისო რკინიგზა იყოს არამარტო საერთაშორისო მნიშვნელობის არამედ სამაგალითოც, აღჭურვილი მხოლოდ საუკეთესო, მხოლოდ მოწინავე ტექნოლოგიებით“.
სარკინიგზო სადგურ „ცხრა ძმის“ ელექტროწევის ქვესადგური დღეიდან მოემსახურება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის მარაბდა-თეთრიწყაროს მონაკვეთს, რაც შესაძლებლობას იძლევა აღნიშნულ მონაკვეთზე ტვირთის გადაზიდვა თბომავლის ნაცვლად განხორციელდეს გაცილებით სწრაფი, უსაფრთხო და ეფექტური ელმავლების გამოყენებით, რითაც საგრძნობლად დაჩქარდება რკინიგზის მშენებლობის პროცესი და მნიშვნელოვნად შემცირდება ტვირთების გადაზიდვის დანახარჯები.
კომპანიის ადმინისტრაციამ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა პროექტის სამომავლო გეგმებსა და პერსპექტივებზე და განაცხადა, რომ მუშაობა მიმდინარეობს პროექტის ყველა ეტაპზე, პროექტის ფარგლებში იგეგმება ანალოგიური მოწყობილობებით აღჭურვილი კიდევ შვიდი ქვესადგურის ექსპლუატაციაში გაშვება, რითაც ელექტრო მოძრავი შემადგენლობის გადაადგილება შესაძლებელი იქნება უკვე მთელ სარკინიგზო მონაკვეთზე.
ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ასევე საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი 4.4 კილომეტრი სიგრძის სარკინიგზო გვირაბის ქართული ნაწილის მშენებლობაზე. გვირაბის სამშენებლო სამუშაოების ფრონტი გახსნილია ერთდროულად როგორც თურქეთის, ისე საქართველოს მხრიდან.
„გვირაბის მშენებლობის დასრულებისათვის სრულ მზადყოფნაში იქნება ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის საქართველოს მონაკვეთი, რაც შესაძლებელს გახდის სწორედ ჩვენი რკინიგზის მეშვეობით განხორციელდეს სარკინიგზო მიმოსვლა არა მარტო მეზობელ ქვეყნებთან, არამედ განვახორციელოთ ტრანსკონტინენტური გადაზიდვები, რითაც საქართველო ჩაებმება გლობალური სატრანსპორტო სისტემის ქსელში და „რკინის აბრეშუმის გზა“ ბრწყინვალე ჩანაფიქრიდან რეალურ, აზიისა და ევროპის კონტინენტების დამაკავშირებელ - ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - უმოკლეს გზად იქცევა“,- აცხადებს ნიკოლოზ წიკლაური.